logo
ENG



"ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება" - კობახიძის თქმით, მისი ცოლი თანამდებობას დატოვებს

06 თებ 202413:57
3 წუთის საკითხავი
 
"ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება" - კობახიძის თქმით, მისი ცოლი თანამდებობას დატოვებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა მისი ცოლის, ნატალია მოწონელიძის თანამდებობისა და პრემიერად დანიშვნის შემდეგ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ჰკითხეს.

კობახიძის ცოლი, ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს უწყებას, რომელიც პრემიერმინისტრთან არის ანგარიშვალდებული. შესაბამისი ინფორმაცია ნატალია მოწონელიძის დეკლარაციაში და ასევე, სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ჟურნალისტებმა ჰკითხეს კობახიძეს, დატოვებს თუ არა მისი ოჯახის წევრი თანამდებობას, რაზეც მან უპასუხა: "რა თქმა უნდა".

"არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესები"- თქვა კობახიძემ.

საქართველოს კანონით არ შეიძლება, საჯარო მოხელე ზედამხედველობას უწევდეს ორგანიზაციას, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში მისი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული.

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 62. სამსახურებრივ ზედამხედველობასთან დაკავშირებული შეზღუდვა

1. სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას. 2. არ შეიძლება მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები.


close დახურვა